
მოლოდინების
მართვა
სასიამოვნო
გამოცდილებები
გამოწვევები
მონატრება
რჩევები

გამგზავრებამდე
როდესაც ემიგრირებულებს ვეკითხებით: "რა რჩევას მისცემდით ემიციურ სირთულეებთან გასამკლავებლად ადამიანს, რომელიც ემიგრაციაში აპირებს წასვლას?" – განსაკუთრებით, ორი რამ გამოიკვეთება ხოლმე: კვლევა და კონტაქტების ქსელის შექმნა.
კვლევა
გამგზავრებამდე დრო გამოიყენე იმისთვის, რომ კარგად გამოიკვლიო ქვეყანა, სადაც ემიგრაციას გეგმავ. შეისწავლე ადგილობრივი შრომის ბაზარი და საცხოვრებელი პირობები. გაეცანი ადგილობრივ კულტურას და მოიძიე ინფორმაცია, არსებობს თუ არა იქ ქართული ორგანიზაციები, ან საზოგადოებები. ენას თუ არ ფლობ, აუცილებლად შეისწავლე საბაზისო სიტყვები და შეიქმენი ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებაც, თუ როგორ ფუნქციონირებს ის ქვეყანა და მისი ინსტიტუტები.
კონტაქტების ქსელი
სცადე, კონტაქტი დაამყარო იმ ადამიანებთან, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ ან ახლა ცხოვრობენ იმ ქვეყანაში. თუ არავის იცნობ, სოციალურ ქსელებში მოძებნე ჯგუფები, მაგალითად: "ქართველები იტალიაში", ან "ქართველები საბერძნეთში". ასევე, კარგი იქნება, თუ გამგზავრებამდე დაუკავშირდები იმ ქვეყანაში/ქალაში მცხოვრებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენს სფეროში მუშაობენ.

საკმარისი ფინანსები
დარწმუნდი, რომ საწყის პერიოდში თავის გასატანად საკმარისი თანხა გაქვს. აუცილებლად გონივრულად დაგეგმე, როგორ და რაში გამოიყენებ წაღებულ ფულს. გირჩევთ, წინასწარ, ინტერნეტის დახმარებით მოიკვლიოთ, რომელია ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი სუპერმარკეტების ქსელი, წინასწარვე შეადგინოთ კვებითი რაციონი და ხარჯებიც განსაზღვროთ. სასურველია, ჩასვლამდე გქონდეს წარმოდგენა, რა დაგიჯდება კვება კვირიდან კვირამდე. ასევე, გააკეთე ცხრილი –გარდაუვალი ხარჯების (საცხოვრებლის ქირა), კვების, მედიკამენტების, ტრანსპორტის აბონემენტისა და განტვირთვისთვის. ასე ბევრად ნათლად აღიქვამ, როგორ გადაანაწილო ბიუჯეტი ისე, რომ არც ღია ცის ქვეშ დარჩე და არც – მშიერი.

მოემზადე სირთულეებისთვის,
მართე მოლოდინები
იყავი მზად, რომ ჩასვლის შემდეგ შეიძლება გაგიჭირდეს – ხანდახან მოლოდინები რეალობას არ ემთხვევა.
შესაძლოა, ზედმეტად დრამატულადაც კი მოგეჩვენოთ ემიგრანტების მიერ გამოთქმული აქ მოყვანილი ზოგი ციტატა, მაგრამ მაინც, რეალური გამოცდილებების გათვალისწინება ჯობია და სირთულეების მიმართ საკმარისი მზადყოფნა.

გაატარე მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან
გამოყავი დრო, რომ წასვლამდე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად რაც შეიძლება ხშირად იყო.

სამუშაოს წინასწარი ძიება
ამის გაკეთება მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინანსურ სტრესს, ახალ ქვეყანაში ინტეგრაციის პროცესსაც დააჩქარებს და წარმატებული ემიგრაციის შანსებსაც გაზრდის.
ემიგრაციამდე კონტაქტების მოეძიების ეტაპი კარგ შანსს იძლევა, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები სამსახურიც ნახო, მაგრამ თუ ეს მაინც ვერ მოხდა, არა უშავს, სხვა გზებიც ხომ არსებობს.
ინტერნეტის სამყაროში არც ისე რთულია იმის გარკვევა, თუ რა სფეროებია ყველაზე მოთხოვნადი იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხარ. მოდი, ამას წინასწარი კვლევის ნაწილი დავარქვათ და იქვე მოინიშნე, რომ ლეგალური ემიგრაციისას უმნიშნველოვანესია წინასწარ გაერკვე, როგორ ხდება სამუშაო ნებართვის გაცემა ემიგრანტებისთვის და რა სახის საბუთები და პროცედურაა საჭირო.
